კახა კალაძე: აფხაზეთის ელექტრომომარაგების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა გახდა საჭირო
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, აფხაზეთის ელექტრომარაგების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა გახდა საჭირო. ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ საქართველო, საერთაშორისო სამართალი და საერაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ, როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს და, შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი კეთილი ნება და მყარი პოზიცია.
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებაა, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი, რადგან შემოსული წყლის რესურსის მცირე რაოდენობამ ვერ უზრუნველყო ,,ენგურჰესისა’’ და ,,ვარდნილი ჰესების’’ მიერ საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება .
რამდენიმე კვირაა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვები, თუმცა მხოლოდ მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და, შესაბამისად, სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე.
შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც შექმნილი ვითარება გარკვეულწილად დარეგულირდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტის საკითხი გაცილებით რთულია და გრძელვადიან პერსპექტივაში საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.