გია ვოლსკი: საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა, არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი უმცირესობის დეპუტატის, სამველ პეტროსიანის განცხადებას გამოეხმაურა და დეპუტატებს პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.
პეტროსიანმა განაცხადა, რომ 27 იანვარს, საქართველოს დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ანტისომხურ პროექტს უყარა კენჭი. როგორც ვოლსკიმ პეტროსიანის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა – ქართველის, სომეხის, აზერბაიჯანელის.
„საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა – ქართველის, სომეხის, აზერბაიჯანელის და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. არ შეიძლება ამ თემაზე სპეკულირება. მართლაც, გაუარესდა ენერგომომარაგების საკითხები. ამ თემას მუშაობა სჭირდება. ყველაფერი კარგად იცით, რა ხდება, რა პროცესები მიდის და მთავარი დარტყმები, სწორედ ამ მიმართულებებით არის მიშვებული. მთავარი არის თემა – საქართველოს სტაბილურობის შენარჩუნება იმ ვითარებაში, როცა ჩვენ გარშემო ძალიან მძიმე ვითარებაა. ახალი თამაშები, ძალების ახალი განლაგება იწყება როგორც ენერგეტიკულ ბაზარზე, ასევე პოლიტიკურ ვითარებაში. არავინ აჰყვეთ პროვოკაციებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციამ, უმრავლესობის ნაწილს ვგულისხმობ, ჩაატარა მუშაობა და პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა, ჩვენს სამეზობლოში არანაირ დაძაბულობას და დაპირისპირებას არ იწვევს. და საერთოდ, მოვეშვით ამ პოპულისტურ განცხადებებს, არის საკითხები, რაც პრობლემებთან არის დაკავშირებული, არის საკითხები, რომლებიც შეიძლება გადაიჭრას. რაც უფრო მალე მოვა არჩევნების დღე, მეტი იქნება ეს პოპულისტური განცხადებები“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.