ბრუცელოზზე ცხოველების გამოკვლევები დაიწყო – დაავადება, რომელიც ცხოველების გარდა ადამიანებსაც ემუქრება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სერომონიტორინგი ჩაატარა და წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველების გამოკვლევა დაიწყო. გამოკვლევა, ძირითადად, ბრუცელოზზე ხორციელდება.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ცხოველებისგან 17 000 ნიმუში აიღეს და დაავადების გავრცელების დონე დადგინდა.
ბრუცელოზი ცხოველების გარდა საშიშია ადამიანებისთვისაც, ის დაავადებული ცხოველისგან ნაწარმოები საკვების მიღებით გადადის. რაც შეეხება დაავადების ნიშნებს, მას განსაკუთრებული კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება. დაავადების შემთხვევაშიც კი ცხოველი ჩვეულებრივ რეჟიმში იძლევა პროდუქციას და ხშირად მეპატრონემ თავადაც კი არ იცის, რომ მისი ცხოველი დაავადებულია.
„ბრუცელოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ქრონიკულად და კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. ცხოველს ვერ შევატყობთ, რომ ის დაავადებულია. შესაბამისად, ეს ცხოველი საფრთხეს წარმოადგენს როგორც სხვა ცხოველებისთვის, ასევე ადამიანისთვის. ბრუცელოზი საერთოა როგორც ცხოველისთვის, ასევე ადამიანისათვის. ეს დაავადება საქართველოში წლებია გავრცელებულია, თუმცა ბოლო წლებში ჩვენ მის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყეთ, დავიწყეთ გამოკვლევა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სერომონიტორინგი ჩავატარეთ, თუ სად გვქონდა პრობლემა და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 17 000 ნიმუში ავიღეთ როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვში და დაავადების გავრცელების დონე დავადგინეთ.
მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში ეს დაავადება, ძირითადად, ვრცელდება კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე – ჯავახეთის და თბილისის შემოერთებულ სოფლებში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩამოაყალიბა მრავალწლიანი პროგრამა, დაავადების კონტროლისა და სამომავლოდ აღმოფხვრის საწინააღმდეგოდ.
პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ გმოკვლევებს, ასევე ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ითვალისწინებს. დაავადება ცხოველებში ქრონიკულად მიდის და თუ მათი გამოკვლევა არ მოხდა, არ გვეცოდინება, ცხოველი დაავადებულია თუ არა. დაავადებული ცხოველი შესაძლოა, ნორმალურად იძლეოდეს პროდუქციას და ეს პროდუქცია იყოს საშიში მისი ოჯახის წევრებისათვის და რეალიზაციის შემთხვევაში კი უკვე მყიდველისთვის. 2019 წლამდე ეტაპობრივად მოხდება რეგიონების შემოწმება დაიწყება და ცხოველების ვაქცინაცია მოხდება“,- განაცხადა ლაშა ავალიანმა.
რაც შეეხება მომმარებლის დაცულობას, ავალიანის განცხადებით, ხორცი ფაქტობრივად უსაფრთხოა. მისი თქმით, თუ ლაბორატორიული კვლევების შედეგად ცხოველი დაავადებული აღმოჩნდა, შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით მეპატრონე დაავადებულ ცხოველს სპეციალურ სასაკლაოზე კლავს. სასაკლაოზე დაკლული ცხოველი კი საფრთხეს არ წარმოადგენს და ჩვეულებრივად გადის რეალიზაციაში. უსაფრთხო არ არის დაავადებული ცხოველისგან მიღებული ყველი. ავალიანი მოსახლეობას ურჩევს, გარევაჭრობის პირობებში არ შეიძინონ ყველი. რაც შეეხება მაწონს, ის ფერმენტულ გადამუშავებას განიცდის და საშიში არ არის. საფრთხის შემცველია რძე, თუკი მას პასტერიზაცია არ გაუვლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები