ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დარღვევების საქმეზე ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება.
საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, სარკოზიმ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატის კანონით დაშვებულ ბიუჯეტს გადააჭარბა.
პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს პიარსააგენტო „ბიგმალიონის“ წინააღმდეგ, რომელიც სარკოზის საარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფას ეწეოდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაფინანსების ნაწილი ყალბი ანგარიშებიდან ხდებოდა. ამ გზით პიარსააგენტომ დაახლოებით 10 მილიონი ევროს „გათეთრება“ შეძლო. 16 თებერვალს სარკოზი პარიზის სასამართლოში დაკითხვაზე გამოიძახეს. ექსპრეზიდენტი სასამართლოს ჩვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდა. სარკოზის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ეს პირველი სკანდალი არ არის. 2015 წლის 15 მარტს სამართალდამცველებმა ბრალი წაუყენეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, კლოდ გეანს. მას ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში, გადასახადების დამალვასა და საბუთების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი 2007 წელს ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. სარკოზი ამ ინფორმაციას უარყოფს.