რუსეთი და უკრაინა სატვირთო ავტომანქანების უკან დაბრუნებაზე შეთანხმდნენ

რუსეთმა და უკრაინამ შეათანხმეს რეჟიმი, რომელიც ორ ქვეყანაში ჩარჩენილ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემს.
სატვირთოები გადაადგილებას 25 თებერვლამდე უპრობლემოდ შეძლებენ. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინაში დაბრუნებას ის სატვირთოები შეძლებენ, რომლებიც რუსეთში ან ცენტრალური აზიის ქვეყნებში იმყოფებიან. კიევი კი თავის ტერიტორიაზე გავლის უფლებას რუსეთის იმ მანქანებს მისცემს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან ბრუნდებიან.
ცნობისთვის, რუსეთმა 14 თებერვალს თავის ტერიტორიაზე უკრაინული სატვირთო ავტომობილების გადაადგილება აკრძალა. მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება უკრაინის რამდენიმე რეგიონში დაწყებული აქციების შემდეგ მიიღო. უკრაინელმა აქტივისტებმა რუმინეთში, უნგრეთსა და ბელორუსიაში მიმავალ სატვირთო ავტომანქანებს გზა გადაუკეტეს. რუსეთის ქმედებების საპასუხოდ კიევმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სატვირთოების გადაადგილება აკრძალა. უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების და ორმხრივი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები