პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება
საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, – ეს ის საკითხებია რომლებსაც ხვალ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს და ის მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.
როგორც “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ჟან ვან ბილსენი, ასევე, აზიის განვითარების ბანკისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.
ინვესტორთა საბჭოს მეორე სხდომის დღის წესრიგში ხუთი საკითხია განსახილველი. საბჭოს სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში 12:00 საათზე დაიწყება.