ზურაბ ტყემალაძე კობა გვენეტაძეს: – ჩემი კითხვა თუ პროვოკაციული იყო, თქვენი პასუხი დიპლომატიურია

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენილი კობა გვენეტაძე დეპუტატებს ხვდება, ზურაბ ტყემალაძემ მას პროვოკაციული კითხვებით  მიმართა.
„წინასწარ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ორი პროვოკაციული ბლიცკითხვა უნდა დაგისვათ და გთხოვთ, ორივეზე „ჰო“ ან „არა“ მითხარით, მეტი არაფერი“, – ასე მიმართა დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ კობა გვენეტაძეს.
“თქვენ დღესაც ბრძანდებით “საქართველოს ბანკის” ეკონომიკური მრჩეველი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო. ამ დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოზე რაიმე ზეგავლენას ხომ არ მოახდენს, როცა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ეკონომიკური მრჩეველი ბრძანდებით. მეორე კითხვა მაქვს, ვაღიარებ, ესეც პროვოკაციულია – ჩვენ მიერ მიღებული კანონი ზედამხედველობის შესახებ, რომელსაც თავის დროზე პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ჩვენ რომ დავძლიეთ და ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში რომ იხილება, თქვენ როგორ მიგაჩნიათ, სწორი იყო თუ არა? შინაარსი, განხილვა არ მინდა, ან „ჰო“ ან „არა“. დამერწმუნეთ, თქვენი ნებისმიერი პასუხი არ იმოქმედებს პირადად ჩემზე რაიმე გადაწყვეტილების მიღების დროს, მე უბრალოდ მაინტერესებს თქვენი, როგორც პროფესიონალის აზრი ამ მიმართულებით”, – მიმართა ტყემალაძემ გვენეტაძეს.
კობა გვენეტაძემ პირველ კითხვასთან დაკავშირებით განმარტა, რომ “საქართველოს ბანკის” გარდა, ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტშიც მუშაობს და არ ფიქრობს, რომ მისი “საქართველოს ბანკის” მრჩევლობა ეროვნულ ბანკზე რაიმე გავლენას მოახდენს. რაც შეეხება მეორე კითხვას, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ არსებობს სხვადასხვანაირი პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით. “არსებობს ქვეყნები, სადაც მუშაობს ერთი მოდელი, არსებობს ქვეყნები, სადაც მუშაობს მეორე მოდელი”, – განაცხადა გვენეტაძემ. მას პასუხი ზურაბ ტყემალაძემ გააწყვეტინა და უთხრა: “ჩემი კითხვა თუ პროვოკაციული იყო, თქვენი პასუხი დიპლომატიურია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები