ვოლსკი მიიჩნევს, რომ ლარის გამყარებაზე ხადურის განცხადება უსაფუძვლო არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის ოპტიმისტური განცხადება ლარის გამყარებასთან დაკავშირებით, რეალურია.
“ზოგადად, ტენდენცია, თითქოს დასტაბილურდა იმ თვალსაზრისით, რომ დიდმა მოთამაშეებმა პოლიტიკურ არენაზე საერთო ენა გამონახეს იმასთან დაკავშირებით, რასაც ტერორიზმი ჰქვია. თუმცა, რეალურად არ მოხსნილა სანქციები რუსეთისათვის. აზერბაიჯანს ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, სომხეთზე არ ვსაუბრობ. უკრაინა, საბერძნეთი – ეს არის ქვეყნები, რომლებმაც სერიოზული ეკონომიკური დარტყმები განიცადეს. პატარა საქართველო, მნიშვნელოვანწილად, დამოკიდებულია ამ ქვეყნებთან ვაჭრობაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მოხარული ვარ ფინანსთა მინისტრის ოპტიმისტური განცხადების. ფინანსთა მინისტრი თუ აკეთებს ასეთ პროგნოზს, დარწმუნებული ვარ, საფუძველი გააჩნია”, – განაცხადა ვოლსკიმ “პირველ პრესკლუბში”.
მისი თქმით, ირანი ენერგეტიკულ ბაზარზე შემოდის ძალიან სერიოზულ მოთამაშედ ნავთობით, გაზით და, აქედან გამომდინარე, ფასებზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდება, საშუალოვადიან პერიოდში კი, მინისტრი საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ელის. გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში მინისტრი აცხადებს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები.