მეცნიერებმა კიბოს საწინააღმდეგო ახალი მეთოდი გამოიგონეს
ამერიკელმა მეცნიერებმა კიბოს წინააღმდეგ ახალი, რევოლუციური მეთოდის შექმნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. შედეგები მეცნიერთა ჯფუფმა ვაშინგტონში, მეცნიერების ხელშეწყობის სამიტზე წარადგინა.
მკურნალობა გენეტიკურად მოდიფიცირებული უჯრედების (T-ლიმფოციტების) გამოყენებით ხდება. მკურნალობის შედეგად პაციენტების 90% სრულად გამოჯანმრთელდა. ამ ადამიანებს ბოლო სტადიის სისხლის კიბო (ლეიკემია) დაუდგინეს.
კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სტენლი რიდელი აცხადებს, რომ ამ თერაპიით იმ პაციენტების გადარჩენა მოხერხდა, რომლებსაც აქამდე მკურნალობის არცერთი ცნობილი მეთოდი არ შველოდათ. ამასთანავე, მეცნიერები ამბობენ, რომ რამდენიმე პაციენტი ამ თერაპიის გამოყენების შემდეგ გარდაიცვალა, რაც დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.