არგენტინაში ფეხბურთელმა მატჩის დროს მსაჯი მოკლა
არგენტინაში ფეხბურთელმა მატჩის დროს მსაჯი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მანამდე მსაჯმა ამ ფეხბურთელს არასპორტული საქციელისთვის წითელი ბარათი უჩვენა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ კორდობას სიახლოვეს მოხდა. გუნდების სახელწოდებას არგენტინელი ჟურნალისტები არ ასახელებენ. ამ ინფორმაციის მიხედვით, თამაშის მე-20 წუთზე 48 წლის მსაჯმა, სეზარ ფლორესმა ერთ-ერთი ფეხბურთელი უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა. მოთამაშემ მოედანი დატოვა, მაგრამ რამდენიმე წუთში დაბრუნდა და მსაჯს სამჯერ ესროლა. მან ასევე ერთ-ერთი ფეხბურთელი დაჭრა. მიღებული ჭრილობების გამო, რეფერი ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილი მოთამაშე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად ის იძებნება.