სანდრო ბრეგაძე კონსტიტუციაში ცვლილებებს მოითხოვს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ოჯახის სტატუსი, როგორც კაცისა და ქალის ერთობა

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით მიმართავს. როგორც ბრეგაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, საუბარია საკონსტიტუციო ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ოჯახის სტატუსი, როგორც კაცისა და ქალის ერთობა.
ბრეგაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს მხარს უჭერენ ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „კონსერვატორები“. „რესპუბლიკელები“ კი ამ დრომდე ჭოჭმანობენ ამ საკითხის მხარდაჭერაზე და საკუთარ პოზიციას ღიად არ აფიქსირებენ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, პოზიციას არ აფიქსირებენ არც „თავისუფალი დემოკრატები“.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ბრეგაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხის დაყენების წინააღმდეგია, რადგანაც ისინი მომხრენი არიან იმისა, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის აუცილებელი 76 ხელმოწერის შეგროვება პარლამენტში არ მოხდება, მაშინ ის გეგმავს, ინიციატივით ცესკოს მიმართოს და აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვოს.
„მინდა მივმართო ბატონ დავით უსუფაშვილს, ღიად დააფიქსირონ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ან პროცედურები დაიწყონ. პირდაპირ ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხის დაყენების წინააღმდეგია, რადგანაც ისინი მომხრენი არიან იმისა, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს. ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ამ იდეას ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. თავისუფალი ინსტიტუტის ფრთა და მისი ხელმძღვანელი, ბატონი გიგა ბოკერია. ამ საკითხის მხარდაჭერას პარლამენტის წევრთა ¾ სჭირდება, ამ რაოდენობის შეგროვება კი უმრავლესობას ჯერ არ შეუძლია. იმისათვის, რომ ყველაფერი კანონიერ ჩარჩოებში მოექცეს, ამისათვის აუცილებელია, კონსტიტუციამ დაარეგულიროს ეს მეტად მტკივნეული საკითხი. თუ ერთი კვირის ვადაში  მოგროვდება 76 ხელმოწერა, პარლამენტში საკონსტიტუციო განხილვები დაიწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვხდებით, საზოგადოებრივი ინტერესიდან და მხარდაჭერიდან გამოდინარე, მივმართოთ ცესკოს, რომ მან დაარეგისტრიროს სარეფერენდუმო კითხვა – ემხრობა თუ არა საქართველოს მოსახლეობა კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის გაკეთებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ოჯახის სტატუსი, როგორც კაცისა და ქალის ერთობა. იმისათვის, რომ რეფერენდუმს დიდი ხარჯი არ ჰქონდეს, მიზანშეწონილი იქნება, საპარლამენტო არჩევნებზე დაისვას ეს სარეფერენდუმო კითხვა“,- აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები