ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრისპირა“ სოფლებში ჩასასვლელად ცხინვალის სპეციალური ნებართვა იქნება აუცილებელი

რუსი და ოსი მესაზღვრეები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ „საზღვრისპირა“ რეგიონებში ყოფნის ახალი წესები გააცნეს. მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო ხელისუფლება საზღვრისპირა სოფლებიდან მათ გასახლებას აპირებს.
ზნაურის რაიობში გამართულ შეხევდრაზე მესაზღვრეებმა აუხსნეს მოსახლეობას, რომ გასახლების შესახებ ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთანავე, განაცხადეს, რომ ამ სოფლებში სტუმრად ჩასასვლელად ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის სპეციალური საშვი იქნება აუცილებელი. საზღვრისპირა სოფლებში ჩაწერილ პირებს ეს წესი არ შეეხებათ.
მიუხედავად იმისა, რომ მესაზღვრეების განცხადებით, შესაბამისი საბუთის აღებას „ხუთი წუთი სჭირდება“ ამ ფაქტმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
„როგორ გავაფორმო წინასწარ ჩემი სტუმრისთვის საბუთი, ვიდრე ის ჩემთან ჩამოვა? და თუ სტუმარი ამ საბუთის გარეშე ჩამოვიდა, ის რა, უნდა დააჯარომონ? ჩვენ არ გვინდა საკუთარ მიწაზე საშვებით და ნებართვებით სიარული“, – განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მესაზღვრეებმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადეს, რომ „საზღვრისპირა“ სოფლებში ქორწილების, დღესასწაულების და დაკრძალვების დროსაც ამის შესახებ შესაბამის სამსახურებს უნდა შეატყობინონ, რათა ჩასულ ადამიანებს გადაადგილების პრობლემები არ შეექმნათ. ცხინვალელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ამ ზომებს „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად მიიღებენ და მათი განხორციელება ოკუპირებული რეგიონის ყველა „საზღვრისპირა“ რაიონში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები