საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებას სოხუმში აკრიტიკებენ
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი მოხსენება, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ სიბრტყეს განეკუთვნება“, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხეზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ირაკლი ხინთბამ სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების კვარტალური მოხსენება „თბილისის მორიგი პიარაქციაა“.
ხინთბას თქმით, თბილისი იტყუება, როდესაც მოხსენების დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა“.
სოხუმელი ჩინოვნიკის განცხადებით, მოხსენება ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო დოკუმენტების არაკორექტული ინტერპრეტაციით სრულდება. ხინთბას თქმით, გალის რიონში აფხაზეთის სამართალდამცველი სტრუქტურების საქმიანობას და საზღვრის უკანონო გადაკვეთას საქართველოს ხელისუფლება არალეგალურს უწოდებს და ადამიანის უფლებების დარღვევად განიხილავს.
„საქართველო, ამ მხრივ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონზე მიუთითებს. რეალურად, სამართლებრივი საკითხების განხილვისას პოლიტიკური ოპტიკის გამოყენება ხდება“, – განაცხადა ხინთბამ.
მისი აზრით, საქართველო აცხადებს, რომ ზრუნავს აფხაზეთის მოსახლეობაზე, მაგრამ მსგავსი მოხსენებებით მას საერთაშორისო თანამეგობრობა შეცდომაში შეჰყავს, რაც აფხაზეთის კიდევ უფრო სერიოზულ იზოლაციას გამოიწვევს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოხსენება 15 თებერვალს გამოაქვეყნა. მასში საუბარია 2015 წლის ოქომბერ-დეკემბერის პერიოდზე. მოხსენებაში წერია, რომ ამ რეგიონებში მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადამიანებს უკანონოდ აკავებენ, მათ ეზღუდებათ გადაადგილების უფლება, ამ ადამიანებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალებაც არა აქვთ.