დავით უსუფაშვილი ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის ექსპერტებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ დავით უსუფაშვილმა მედიასთან ისაუბრა.
„კოლეგებმა ვენეციის კომისიიდან, ეუთოს მისიიდან, მოისმინეს ყველა ის არგუმენტი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმ გეგმას, რომელიც შედგება ორი პუნქტისგან, პირველი: 2016 წლის არჩევნების ჩატარება შერეული სისტემით, რომელიც არათუ შეესაბამება ვენეციის კომისიის სტანდარტებს, არამედ აღემატება კიდეც მას, იმიტომ, რომ სტუმრებიც დაგვეთანხმნენ იმაში, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზე მაღალი სტანდარტი დაადგინა საქართველოში, ვიდრე ვენეციის კომისიას აქვს და სწორედ ამ სტანდარტიდან გამომდინარე, მოგვიწია ჩვენ ძალიან ბევრი რაიონის ერთად გაერთიანება, თავმოყრა, იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის სტანდარტისგან განსხვავებით, რომელიც გამონაკლის შემთხვევებში 15%-ზე მეტ განსხვავებას უშვებდა ოლქებს შორის, სასამართლომ დააწესა, რომ 15%-ში უნდა ჩატეულიყო ეს ყველაფერი. მოკლედ, სტანდარტების თვალსაზრისით, ეს იქნება ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტების სისტემა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2020 წლიდან, არამედ 2016 წლის შემოდგომის ბოლოდანვეა გათვალისწინებული და ამას გადაწყვეტილების მიღება სჭირდება.
„მე ავუხსენი კოლეგებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ეს არის გათვალისწინებული არა 2020 წლისთვის, არამედ 2016 წლის შემდგომაზე, ანუ თუ მოხდება რიგგარეშე არჩევნები ან სხვა რამ, ჩვენ 2016 წლიდანვე ანუ შემოდგომის ბოლოდანვე გვექნება ახალი სისტემა, მაგრამ ამას სჭირდება გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო რჩება ცოტა, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას სჭირდება ორ სესიაზე გადაწყვეტილებების მიღება, სამი თვე, მათ შორის. ზაფხული უკვე იქნება ძალიან დატვირთული წინასაარჩევნო კამპანიით, ასე რომ, იმედია, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, ბოლო-ბოლო დაინახავენ იმის საჭიროებას და აუცილებლობას, რომ ჩვენ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება მხარდაჭერა, სანამ სულ გვიან არ არის და სანამ ყველაფერი თავიდან არ დაიწყება 2016 წლის შემდეგაც, ისე, როგორც ეს ხდებოდა განვლილი 25 წლის განმავლობაში, როდესაც მოახლოებული არჩევნების წინ იყო მცდელობა სისტემის შეცვლის, ეს ვერ ხერხდებოდა და სისტემა გვრჩებოდა უცვლელი, ამიტომ, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ ახლა, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მერე, არჩევნების შემდეგ, იქნება ისეთივე რთული, როგორც ეს რთული აღმოჩნდა ახლა, ანუ ცვლილება მაჟორიტარულიდან პროპორციულზე. ახლა, თუ ამ მოსაზრებას უკვე ერთი წელია, არ იზიარებენ და კიდევ არ გაიზიარებენ კოლეგები, მაშინ დავრჩებით ამ რეალობაში“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიასა და ეუთოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება.
დღესვე, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა.