ქართულმა ღვინომ იაპონიაში 9 მედალი დაიმსახურა
9 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო კონკურსში „საკურა” უმაღლესი ჯილდოები – ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
დაჯილდოებული ღვინოებია:
ორმაგი ოქრო – „საფერავი რეზერვი. 2005″ კომპანია „კახური”;
ოქრო – „საფერავი. 2008″, კომპანია „კახური”;
ოქრო – „საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013″, კომპანია „ლუკასი”;
ოქრო – „მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013″, კომპანია „თელავის ღვინის მარანი”;
ოქრო – „მარანი. რეზერვი. 2007″ კომპანია „თელავის ღვინის მარანი”;
ვერცხლი – „მუკუზანი იბერიული. 2013″, კომპანია „შუმი”;
ვერცხლი – „ნაფარეული. 2013″, კომპანია „შუმი”;
ვერცხლი – „სატრაპეზო საფერავი. 2012″, კომპანია „თელავის ღვინის მარანი”;
ვერცხლი – „საფერავი ქვევრის. 2011″, კორპორაცია „ქინძმარაული”.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „საკურას” საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
სულ კონკურსში 35 ქვეყნის 3543 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით.
„საკურას” კონკურსში „ორმაგი ოქროს” ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2016 წლის 8 მარტს საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს – ბრილიანტის (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას არა მარტო იაპონიის, არამედ, ზოგადად, აზიის ბაზარზე.