გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის გარშემო

ევროპული დღის წესრიგის მიმართულებით ნებისმიერი წარუმატებლობა პრორუსული ძალების მიერ იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა წარმატება მაქსიმალურად აღქმული და დაფასებული იყოს ევროპელი ლიდერების მხრიდან.

“ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის გარშემო. ამ მიმართულებით ყველაზე მოკლევადიანი მიღწევა, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, გვაქვს ვიზალიბერალიზაცია. დადებითი ტექნიკური დასკვნა უკვე არსებობს და საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი ეს განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომ არავითარ შემთხვევაში ეს საკითხი არ იყოს ასოცირებული მიგრანტების პრობლემასთან და სხვადასხვა უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციასთან, რომელიც რეგიონში გვაქვს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ კონსოლიდაცია, რათა საბოლოო შედეგი დაიდოს”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენის კონფერენციის შეჯამებისას.
მისი თქმით, კონფერენციის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა, რომელთა ფარგლებშიც საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული დღის წესრიგის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს.
“გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ამ სივრცეში მოძრაობს ძალიან ბევრი ადამიანი და გვქონდა კორიდორებში, სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრები და ყველას მხრიდან იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა. ძალიან დადებითად აღიქვამენ ჩვენი მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და გამოთქვეს სურვილი, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ ყველა მიმართულებით, რა რეფორმებსაც ვახორციელებთ.
ასევე, გამოვიყენეთ ეს პლატფორმა, რომ წარმოგვეჩინა საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები, ოკუპაციასთან მიმართებაში. ძალიან კარგი ფაქტია, რომ ჩვენ ვმონაწილეობდით პანელში ბალკანეთის 4 ქვეყანასთან ერთად. ეს ფაქტი, რომ საქართველოს ამ ქვეყნების რიგში განიხილავენ, ძალიან დადებითია”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები