მიხეილ ჯანელიძე ვიტოლდ ვასჟიკოვსკის შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიტოლდ ვასჟიკოვსკის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილვის ძირითად თემას წარმოადგენდა ვარშავის სამიტისთვის მზადება, საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია და ნატო–საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელება. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პრიორიტეტებსა და ამ კუთხით, ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საბოლოო გადაწყვეტილების შეუფერხებლად მიღების მნიშვნელობაზე. ფართოდ იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და გლობალური გამოწვევები.
მინისტრებს შორის საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოთხ-პუნქტიანი რეფორმების პაკეტს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ბიზნეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების პოტენციალზე და მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები