თბილისის მერია: პუშკინის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ძეგლი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს (ფოტოკოლაჟი)
თბილისის მერია პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის ქვიშით ამოვსების თაობაზე განმარტებას აკეთებს.
უწყების ინფორმაციით, ქუჩაზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია გაიწმინდება და ძეგლი კვლავ პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
„პუშკინის ქუჩაზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მომზადდა პლატფორმა და მიმდინარეობს ბურღვა.
რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ძეგლი შეფუთულია სპეციალური მასალით. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია გაიწმინდება და ძეგლი კვლავ პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
პუშკინის ქუჩის გაფართოება პროექტით ითვალისწინებს საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ისე, რომ ისტორიული ძეგლი ხელუხლებელი დარჩება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია “CRP” აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება“,-წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.