ალექს ვატანკა: საქართველოს რუსეთის მეტი ზეწოლის გადალახვა გაუჭირდება
თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ საქართველოზე მეტი ზეწოლა მიიტანოს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამის გადალახვა და დაძლევა, – ამის შესახებ ვაშინგტონში დაფუძნებული ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის წამყვანი ანალიტიკოსი ალექს ვატანკა “მერიკის ხმის“ ქართული სამსახურთან საუბარში, აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორის, ჯეიმს კლაპერის ანგარიშის შეფასებისას საუბრობს.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ბევრი ადამიანია, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა საკმარისს არ აკეთებს მათი ქვეყნებისთვის, და სავარაუდოდ, საქართველოშიც მეტ საჭიროებას ხედავენ აშშ აქტიურად ჩაერიოს რუსული გავლენების აღკვეთის საქმეში.
ვატანკას თქმით, ჯეიმს კლაპერის განცხადება ამ რეალობის წარმოჩენას გულისხმობდა.
“ანალოგიური აღქმა არსებობს, სავარაუდოდ, რუსეთის სხვა მეზობელ მცირე სახელმწიფოებშიც. თუმცა ფუნდამენტური პასუხი ისევ ამერიკის საგარეო პოლიტიკაშია და იმაში, თუ როგორ ავლენს ის საკუთარ ძალაუფლებას მსოფლიოში. პრეზიდენტ ობამას პოზიციაა, რომ ძლიერების წარმოსაჩენად საჭირო არ არის ყველგან სამხედრო ძალით მოახდინო ინტერვენცია. ამის ნათელი დადასტურებაა ამერიკის მონაწილეობა, ან როგორც ბევრი იტყვის-მონაწილეობის ნაკლებობა-უკრაინაში. რაც შეეხება საქართველოს: ეს არის ქვეყანა, რომელიც დასავლეთისა და პერიოდულად, რუსეთის გავლენების ქვეშ ექცევა. ვფიქრობ, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ საქართველოზე მეტი ზეწოლა მიიტანოს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამის გადალახვა და დაძლევა. მიზეზი მარტივია: აშშ ომს არ დაიწყებს საქართველოში ვლადიმირ პუტინთან. იმ დრომდე, სანამ ამერიკის ხელისუფლების სათავეში ბარაკ ობამაა, ეს მიდგომა დარჩება. არ ვიცი, შესაძლოა უფრო მეტი კონცენტრირება გამოიჩინოს ამერიკის მომავალმა ადმინისტრაციამ. მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთი ფაქტობრივად მიშვებულია გააკეთოს ის, რაც მის ინტერესებს ემსახურება სამხრეთ კავკასიაში”, – აცხადებს ანალიტიკოსი.