გიორგი კვირიკაშვილი პეტრე პოროშენკოს შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის მნიშვნელობას, სადაც საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა მოხდება.
გიორგი კვირიკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა “ახალი აბრეშუმის გზაზე” ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ პროექტს მასში მონაწილე ქვეყნებისთვის დიდი მნიშვნელობა და პერსპექტივა აქვს.
“მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის აუცილებლობას. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასაც. პეტრო პოროშენკომ ქართულ მხარეს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში .
თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს სეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.