გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერის მრჩეველს შეხვდა
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კრისტოფ ჰოისგენთან. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესებზე და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა. კრისტოფ ჰოისგენმა ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.