ლევან ვასაძე: ჩემმა ძმაკაცმა გიორგი მარგველაშვილმა თავი დაიღუპა
ჩემმა ძმაკაცმა გიორგი მარგველაშვილმა თავი დაიღუპა, როცა პოლიტიკაში წავიდა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
ვასაძემ პეტიცია “განგაშის ზარებზე” საუბრისას აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იტყუება.
“მინისტრი იტყუება, წარმოგიდგენიათ? მე ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ რადგან თქვა, რომ ჩვენ ვიტყუებით სხვა არჩევანი არ დამრჩენია. თამუნა პირადად მე ძალიან მიყვარს. არის ერთი წესიერი გოგო, ჭკვიანი და მშვენიერი, რომელიც ძალიან დიდ გაუგებრობაში არის მოხვედრილი, ჩემი აზრით. გიორგი მარგველაშვილმა ჩემმა ძმაკაცმა თავიც დაიღუპა როცა პოლიტიკაში წავიდა, ვეუბნებოდი არ წახვიდე-მეთქი და ეს ადამიანიც დიდ შეცდომაში შეიყვანა”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისი თქმით, სახელმძღვანელო ჯერ არ არის დამუშავებული და ახლა ცდილობენ, შეცვალონ.
“პირველ ვერსიებში რაც იყო, ის ფართხა-ფურთხით წაშალეს. ამობეჭდილი მაქვს და შემიძლია ციტატები წაგიკითხოთ. ყველაფერი რაც პეტიციაში წერია, არის სიმართლე”, – განაცხადა ვასაძემ და სახელმძღვანელოს პირველადი ვერსიიდან რამდენიმე ციტატა მაგალითად მოიყვანა.
პეტიციას – “განგაშის ზარები” ხელს აწერენ საზოგადოების ცნობილი წევრები და ითხოვენ, სკოლებში ახალი საგნები – “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველოა” არ შეიტანონ. პეტიციაში აღნიშნულია, რომ “განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან მოსწავლეებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს. მათი ინფორმაციით, ახალი სავალდებულო საგნების – “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველოა” მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა.