გიორგი კვირიკაშვილი პეტრო პოროშენკოს შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. საუბრის დასაწყისში პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის მნიშვნელობას, სადაც საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა მოხდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა “ახალ აბრეშუმის გზაზე” ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ პროექტს მასში მონაწილე ქვეყნებისთვის დიდი მნიშვნელობა და პერსპექტივა აქვს. მხრეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის აუცილებლობას. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებასაც.
პეტრო პოროშენკომ ქართულ მხარეს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები