გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე ისაუბრეს

ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობები და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება და კულტურა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, გაუზიროს საქართველოს გამოცდილება ამ თვალსაზრისით.
მხარეებმა განიხილეს ვიზების ლიბერალიზაციის დროული დაჩქარების პერსპექტივები და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე.
გიორგი კვირიკაშვილმა ტომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები