„ზიმოს“ დირექტორი: ივანიშვილმა სამუშაოები შეაჩერა

ციხისძირში სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის „ზიმოს“ დირექტორის ზურაბ კიკნაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ხეების გადატანის სამუშაოები დროებით შეაჩერა.
როგორც კიკნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას ყველა დოკუმენტი აქვს ერთის გარდა. მისი თქმით, მას მხოლოდ ერთი საბუთი არ აქვს მიწის კერძო მესაკუთრისგან, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
“აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს, რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქეთ გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ. ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის ამ პირს”, – განაცხადა კიკნაძემ.
მისივე განმარტებით, ხეები გაიყიდა, როგორც მოძრავი ნივთები:
“ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა სამუშაოები. გვითხრა, გაარკვიეთ ყველაფერი და დაალაგეთ სიტუაცია. როგორც კი მოგვარდება ყველაფერი შემდეგ გააგრძელეთ სამუშაოებიო”, – აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირში იმყოფებოდა და ხეების გადარგვის სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე მყოფ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ყოფილ პრემიერს შორის შელაპარაკებაც მოხდა. ხეების გადატანა ციხისძირიდან შეკვეთილში იგეგმება, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აპროტესტებენ და ითხოვენ სამუშაოების წარმოების შესაბამის დოკუმენტაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები