მანანა კობახიძე: ნებისმიერი ქმედება, რასაც სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლება ახორციელებს, აბსოლუტურად კანონის მიღმაა
ნებისმიერი ქმედება, რასაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლება თუ ე.წ. პროკურატურა ახორციელებს, აბსოლუტურად კანონის მიღმაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მანანა კობახიძემ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ 2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომის “გამოძიება” განაახლა.
მანანა კობახიძის თქმით, ამ პროცესში მხარეები მხოლოდ საქართველო და რუსეთი არიან.
“შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რასაც სამხრეთ ოსეთის ე.წ ხელისუფლება თუ ე.წ. პროკურატურა ახორციელებს, ეს არის აბსოლუტურად კანონის მიღმა, შესაბამისად, ჩვენ უნდა მივსდიოთ სწორედ იმ მოთხოვნებს, რაც ექნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ჰააგის პროკურორს, სადაც ამ პროცესში მხარედ საქართველო და რუსეთია და არამც და არამც ოსეთი, ან აფხაზეთი. იცით, რომ ისინი სუბიექტად არ განიხილებიან. ასე რომ, მათი ნებისმიერი ნაბიჯი კანონს მიღმაა”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის “გამოძიება” განაახლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.