მანანა კობახიძე: ჩვენ რაც არ უნდა საინტერესო წინადადებები გავიტანოთ კომისიის დონეზე, საბოლოოდ ამას წყვეტს პარლამენტი
პარლამენტში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ჯგუფი მუშაობს ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების პროკურატურის მარეგულირებელი ნორმების ცვლილებებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, უკვე გამართულია 11-მდე შეხვედრა და კომისიის ფარგლებში შემოსულია ათეულობით საკანონმდებლო წინადადების სახით სხვადასხვა ინიციატივა.
“იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდი მსჯელობა იყო ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები არცერთ წინადადებასთან მიმართებაში არ არის მიღებული, ამიტომ საჭიროა, რომ უკვე ხმის მიცემით დაფიქსირდეს, ვინ რა პოზიციაზეა ამ სამუშაო ჯგუფში. ვინაიდან, საბოლოოდ უკვე საკონსტიტუციო კომისიამ უნდა დაადგინოს, რომელი ინიციატივაა მხარდაჭერილი უმრავლესობით კომისიაში. თუმცაღა მოგეხსენებათ, ჩვენ რაც არ უნდა საინტერესო წინადადებები გავიტანოთ თავად კომისიის დონეზე, იცით, რომ საბოლოოდ ამას წყვეტს პარლამენტი”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ფორმატში საჭიროა სამი მეოთხედი უმრავლესობა და ასეთი საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს მმართველ გუნდს არ აქვს.
“აქედან გამომდინარე, რამდენად რეალისტურია რომელიმე წინადადების გასვლა, ეს დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. თუმცა, ნამუშევარი დარჩება. კომისიაში შემოსულია ათეულობით ინიციატივა, რომელსაც ალბათ მიიღებს შემდეგ უკვე ის პარლამენტი და ის უმრავლესობა, რომელსაც ექნება საკმარისი ხმები კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. სამწუხაროდ, დღეისთვის ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.