ბათუმში დღეს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი კონტრ-ადმირალი ჩავა

ბათუმში დღეს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო ჩავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი ერთხელ კიდევ ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას. კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდება.
“ბათუმს ეწვია ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი 4 ხომალდის შემადგენლობით, რომლებიც ერთობლივ და საჩვენებელ წვრთნებს გამართავენ სანაპირო დაცვის ხომალდებთან ერთად. ეს არის გათვალისწინებული ნატო-ს კალენდრით და მიმართულია სანაპირო დაცვის ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისკენ. ამასთანავე, შაბათს ჩამოვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის კონტრადმირალი ბატონი ჯორჯო ლაციო, რომლის ვიზიტი ერთხელ კიდევ ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას”, – განაცხადა მღებრიშვილი.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გუშინ საპორტო ვიზიტით ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომელიც ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ოთხი ხომალდითაა დაკომპლექტებული.
ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნული სწავლებები ნატოსა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.
შსს-ს ცნობით, ამჟამად ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია “აქტიური ძალისხმევის” მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ოპერაციაში “აქტიური ძალისხმევა” 2010 წელს გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის გზით მონაწილეობს. 2014 წლიდან ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები