“თი-ბი-სი” ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა

“თი-ბი-სი” ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სამი ხელშეკრულება გაფორმდა. “თი-ბი-სი” ბანკის ინფორმაციით, პირველი ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი მიიღებს 10- წლიან სუბორდინირებულ სესხს 50 მილიონი დოლარის ოდენობით.
ეს “თი-ბი-სი ბანკსა” და ADB-ის შორის გაფორმებული პირველი ასეთი ხელშეკრულებაა. როგორც “თი-ბი-სი”-ში აცხადებენ, აღნიშნული რესურსი გააძლიერებს ბანკის მეორად კაპიტალს და ხელს შეუწყობს ბანკის ზრდასა და განვითარებას მომდევნო წლების განმავლობაში.
მეორე ხელშეკრულების მიხედვით, აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს 5-წლიან 50 მილიონ აშშ დოლარის რესურსს, რომელიც „თი-ბი-სი“ ბანკს მისცემს საშუალებას, განაგრძოს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოს რეგიონებში. ეს არის რიგით მეორე ასეთი თანამშრომლობა “თი-ბი-სი” ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის, რაც ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.
ორივე რესურსი “თი-ბი-სი” ბანკისთვის ხელმისაწვდომია ევროში, დოლარში ან ლარში. მესამე ხელშეკრულება მხარეებს შორის არის ტექნიკური დახმარების გრანტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის საშუალებითაც აზიის განვითარების ბანკი ხელს შეუწყობს “თი-ბი-სი” ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესაკადემიის განვითარებას. ბანკის ეს ინოვაციური პროექტი უზრუნველყოფს ტრენინგებსა და საკონსულტაციო სერვისს, რათა აამაღლოს ბიზნესუნარები და შექმნას ახალი შესაძლებლობები მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს მასშტაბით.
“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას აზიის განვითარების ბანკთან. ამ ორი რესურსის საშუალებით და მცირე და საშუალო კომპანიების ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფით “თი-ბი-სი” ბანკი შეძლებს, კიდევ უფრო გაამყაროს საკუთარი პოზიცია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტში.
ბანკი გეგმავს, გაზარდოს სასესხო პორტფელი საქართველოს რეგიონებში, სადაც დღეისათვის საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ამ ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, აზიის განვითარების ბანკის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის ჯამური დაფინანსება შეადგენს 150 მილიონ აშშ დოლარს. ჩვენ განსაკუთრებულად მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა აზიის განვითარების ბანკთან ასე წარმატებით ვითარდება”, – განაცხადა “თი-ბი-სი” ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
აზიის განვითარების ბანკის დირექტორმა რაინერ ჰარტელმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ “თი-ბი-სი” ბანკთან ურთიერთობის გაძლიერების გამო მოხარულია.
“ჩვენ ხელს ვუწყობთ ეკონომიკის განვითარებას საქართველოს რეგიონებში. ამ თანამშრომლობით, ჩვენ ვახორციელებეთ ინვესტიციას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში და ამით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყანაში ბიზნესის შემოსავლისა და დასაქმების დონის ამაღლებაში,” – განაცხადა ჰარტელმა.
ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონებში სიღარიბის დონის შემცირებას. ბანკი დაარსდა 1996 წელს და აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას მსოფლიოს 48 რეგიონიდან. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები