ე.წ. კაბელების საქმეზე “დელტაკომის” წარმომადგენელი დაიკითხება

“ვერ გეტყვით, რამდენად გაიუმჯობესა მეხსიერება ალექსი ბატიაშვილმა. ამ ეტაპზე გამოძიებისთვის იგი არ არის მნიშვნელოვანი მოწმე“, – ასე შეაფასა ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა მოწმე ალექსი ბატიაშვილის კომენტარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის მორიგი პროცესი გაიმართა. ნინო აღლემაშვილის თქმით, გაუგებარია, რა შეფასებებს აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე მაშინ, როდესაც გამოძიების პროცესში მან ვერაფერი გაიხსენა.
“ვერ გეტყვით, რამდენად გაიუმჯობესა მეხსიერება ალექსი ბატიაშვილმა. ამ ეტაპზე გამოძიებისთვის იგი არ არის მნიშვნელოვანი მოწმე, რადგან გამოძიების ეტაპზე ვერაფერი გაიხსენა. ჩემთვის გაუგებარია, რა შეფასებებს აკეთებს ალექსი ბატიაშვილი”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
პროკურორის თქმით, დღესვე დაიკითხება “დელტაკომის” წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის. კერძოდ, პროკურორის თქმით, “დელტაკომის” წარმომადგენელი დაადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტროს იგი უფასოდ სთავაზობდა ოპტიკურ-ბოჭკოვან მომსახურებას და ის, რომ აღნიშნული კომპანია სახელმწიფო უწყებებს უფასო მომსახურებას სთავაზობდა, ნინო აღლემაშვილის განცხადებით, დადასტურებულია დოკუმენტურად.
შეგახსენებთ, მოწმე ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. კაბელების საქმეში დანაშაული არ იკვეთება და ხელშეკრულება, რომელიც “სილქნეტთან” გაფორმდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანი, ასევე ფინანსურად მომგებიანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები