პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ხეების დარგვის საკითხი განიხილეს.
გაერთიანებულ სხდომაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ შეხვედრის მონაწილეებს იმ პროცედურებსა და დოკუმენტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა საფუძველზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 3 ხის გასხვისების და გადარგვის გადაწყვეტილება მიიღო.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, რომ მითითებული სამი ხე (ხეტიტა (ლირიოდენდრონი) და ჭაობის კვიპაროსი) არ წარმოადგენს საქართველოს ან/და კავკასიის ენდემს, არც „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობებს და მათი ინტროდუცირება (ქვეყანაში შემოტანა) მე-19 საუკუნის ბოლოს, ერთის მხრივ, დეკორატიული, ხოლო, მეორე მხრივ, მერქნით სარგებლობის თვალსაზრისით განხორციელდა, შესაბამისად, მათი ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადატანა არ იწვევს ზიანს და ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევას. ასევე, განმარტა, რომ დიდტანოვანი და დიდხნოვანი ხეების გადარგვის პრაქტიკა მსოფლიოში აპრობირებულია და პროცედურის სწორად შესრულების შემთხვევაში შემცირებულია გადარგული ხის დაღუპვის რისკები. კომიტეტის სხდომას გარემოსდამცველებთან და ექსპერტებთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები