მიხეილ ჭელიძე საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას მიესალმება
„მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ წარმომადგენლის მიხეილ ჭელიძის შეფასებით, მთავრობის ინიციატივა, რაც მოგების გადასახადის, განაწილებული მოგების გადასახადით შეცვლას ითვალისწინებს, ადეკვატურია.
როგორც მიხეილ ჭელიძე აცხადებს, ესტონურ საგადასახადო მოდელზე გადასვლა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია.
„ძალიან კარგი მოდელია, რაც ავირჩიეთ. წარმატებულია იქ, სადაც უკვე იყენებენ და, ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც აუცილებლად იქნება წარმატებული. აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ შეუწყობს ხელს რეინვესტირებას, რაც ძალიან კარგია. განსაკუთრებით კარგია ეს ინიციატივა ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან და არ არიან მისული რაღაც სტაბილურ ეტაპამდე, ვფიქრობ, მათთვის განსაკუთრებით კარგია ეს ყველაფერი. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა ადეკვატურია და დადებითად ვაფასებ. ამას, მე მგონი, ყველა ბიზნესმენი მიესალმება“, – განაცხადა მიხეილ გახარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს “საგადასახადო კოდექსში ცვლილება” წარედგინება, რომელიც მოგების გადასახადის, განაწილებული მოგების გადასახადით შეცვლას ითვალისწინებს.
ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.