თალაკვაძე ციხისძირის საქმეზე დაკავებულებზე: რამდენიმე ადამიანმა წინასწარ დაგეგმა, რომ პროვოკაცია უნდა მომხდარიყო

ციხისძირიდან ხეების გადარგვის მოწინააღმდეგეთა დაკავებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა. მისივე თქმით, დაპირისპირების პროვოცირება კი აქციის მონაწილეებმა მოახდინეს.
„შეკრებისა და აზრის გამოხატვის პრობლემა არცერთ ადამიანს არ ჰქონია. ჩემთვის, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე ადამიანს, ვინც თავდაპირველად მივიდა შემთხვევის ადგილას, წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, რომ გარკვეული პროვოკაცია უნდა მომხდარიყო.
კარგია, რომ პოლიცია იქცეოდა კანონის ფარგლებში და კარგია, რომ ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ციხისძირიდან რამდენიმე ხის ურეკში გადარგვას საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დღეს კი ხელწერილით გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი 19 თებერვლისთვის გადაიდო. ციხისძირში დაკავებულების პროცესი ბათუმის საქალაქო სასმართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები