ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში 1-ლი აპრილიდან ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ
1-ლი აპრილიდან იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, იქ ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანგამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ქვეყნებთან აფხაზეთმა უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.
როგორც ბგანგამ რუსულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა, 1-ელ აპრილამდე ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და მიგრაციულ სამსახურს მრავალი ნორმატიული აქტის მიღება მოუწევა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის ხეშეკრულება რუსეთის ფედერაციასთან და ნიკარაგუასთან აქვს რატიფიცირებული. ზოგიერთ ქვეყანასთან ხელშეკრულება გაფორმებულია, მაგრამ რატიფიცირებული არ არის. აფხაზეთის დამოუკიდებლობა პირველმა 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ აღიარა. ამავე წელს ის ნიკარაგუამ ცნო. 2009 წელს კი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა ვენესუელამ, ნაურუმ ტუვალუმ და ვანუატუმ აღიარეს.