გიგლა აგულაშვილი: სუბიექტი, რომელმაც ციხისძირში ასწლოვანი ხე მოჭრა, დაჯარიმდა
„ციხისძირში ერთი ასწლოვანი ხე მოიჭრა და ის, ვინც ეს განახორციელა, დაჯარიმდა“,-ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაცილებით მეტი პრობლემაა საქართველოს ტყეებში, იჭრება “წითელი ნუსხის” და ასწლოვანი ხეები.
„დიახ, იქ მოიჭრა ერთი ხე და ამ ხის მოჭრისთვის საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ზომები მიღებულ იქნა და დაჯარიმდა ის სუბიექტი, ვინც ეს განახორციელა. გაცილებით მეტი პრობლემაა საქართველოს ტყეებში, სადაც იჭრება “წითელი ნუსხის” და ასწლოვანი ხეები“,-განაცხადა მინისტრმა და საზოგადოებას ამ პროცესის თავიდან აცილების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
აღნიშნული განცხადებით გარემოს მინისტრი ციხისძირში ხეების გადარგვის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოხატული პროტესტი პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა. მისივე თქმით, ხეები, რომლებიც ურეკში უნდა გადაირგოს, უნიკალური ჯიშის არცერთი არაა.