გიორგი კვერენჩხილაძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი გადაწყვეტილებები ნდობით არ სარგებლობს

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნდობით არ სარგებლობს”, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც კვერენჩხილაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლა არ უნდა დარჩეს უბრალო ნათქვამად და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, საკანონმდებლო ორგანომ, რომელთა მხრიდან მხარდაჭერა გამოითქვა პრეზიდენტის წინადადებებზე, ყველა ზომა უნდა მიიღონ.
“პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებებიც გაჩნდა.
პრეზიდენტის გამოსვლა არ უნდა დარჩეს უბრალო ნათქვამად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, საკანონმდებლო ორგანომ, რომელთა მხრიდან მხარდაჭერა გამოითქვა პრეზიდენტის წინადადებებზე, ყველა ზომა უნდა მიიღონ, რათა დაუყოვნებლივ განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – ფაქტია, რომ ის არ სარგებლობს, სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად, საზოგადოების ნდობით, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ვერ ისარგებლებს ნდობით, ამიტომ პრეზიდენტის მიმართვაში დასმული საკითხები კიდევ უნდა დამუშავდეს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს მონაწილეობით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოხდეს საბჭოს რეფორმირება”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი შემადგენლობით სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემასთან შეუთავსებელია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების საკითხი დღის წესრიგში დააყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები