ბრალდებულს, რომელიც დედას და დეიდას სცემდა, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ოჯახურ ძალადობასა და ძარცვაში ბრალდებულ ჯ.კ-ს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ჯ.კ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი სამი პირის მიმართ.
კერძოდ, ბრალდებული ჯ.კ. მასთან მუდმივად მცხოვრებ ოჯახის წევრებს – დედას, დეიდასა და ბებიას აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა დაზარალებულების გინებასა და ლანძღვაში, ასევე ცემასა და სხვადასხვა საგნის ჩარტყმაშიც.
ბრალდებულ ჯ.კ.-ს სისტემატურმა ძალადობრივმა ქმედებებმა დაზარალებულებს მიაყენა ფიზიკური და მორალური ზიანი. წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულმა ჯ.კ.-მ ასევე ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ, 2015 წლის 24 მაისს, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ბრალდებულმა ნაცნობ ზ.ჩ.-ს აშკარა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რა დროსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 13 სასამართლო სხდომა. დაიკითხა ბრალდების 14 მოწმე და გამოქვეყნდა 2 მოწმის ჩვენება. ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მოწმეთა ჩვენებები და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ჯ.კ. დამნაშავედ ცნო მის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებებში. სასამართლომ საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბრალდებულ ჯ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 5 წლით განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.