„მაგის“ კოლექციის შარფების გამოფენა გაიმართება

12 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გალერეა ,,მაგის” აბრეშუმის შარფების გამოფენა გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე აბრეშუმის შარფი ,,მაგის“ კოლექციიდან. თითოეული მათგანი ცნობილი მხატვრების ესკიზების მიხედვითაა შექმნილი. მათ შორის ისეთი მხატვრების მიერ, როგორიც არიან: ჟორჯ ბრაკი, მარკ შაგალი, ხუან მირო, ალბერტო ჯაკომეტი, ფერნანდ ლეჟე, ერიკ დიეტმანი, ანტონი ტაპიესი და სხვა.
მხატვრები სპეციალურად აბრეშუმის შარფებისთვის ქმნიდნენ ესკიზებს, რაც განაპირობებს ამ შარფების უნიკალურობას. მარგარეტ და ემე მაგების ფონდი დაფუძნდა მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმის წარმოსაჩენად.
მუზეუმი მოიცავს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, თანამედროვე ფერწერის, სკულპტურის და გრაფიკის კოლექციას. აღნიშნული ექსპოზიცია ხაზს უსვამს „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობას და მის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. გამოფენა მიზნად ისახავს, ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას და ქართული სახელოვნებო სივრცის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ესტუმრება მაგების ოჯახის წარმომადგენელი და ლიონის ბროშიეს აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორი სედრიკ ბროშიე. გამოფენა 23 თებერვლამდე გაგრძელდება.

12736013_1128881953823314_504602838_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები