რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ცხინვალში იმყოფებოდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის „სამეკავშირეო ხელშეკრულების“ დამატებითი პუნქტები ახლო მომავალში იქნება ხელმოწერილი. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერთან, ლეონიდ თიბილოვთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ივან ბოლტენკოვმა განაცხადა.
ბოლტენკოვმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გაფორმდება შეთანხმება რუსეთის ფედერაციის ჯარის შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ ზოგიერთი ქვედანაყოფის გაერთიანების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობაში ამ შეთანხმების განხილვის გაჭიანურების გამო, ცხონვალში სკანდალი მოხდა. ე.წ. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ტასოევმა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი დატოვა. ტასოევმა შეთანხმების ხელმოწერის ვადების დარღვევაში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშაულა.