შსს „ბიოს“ მოხმარების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს
შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. ბიოს მოხმარების წინააღმდეგ მიმართული ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო რგოლების პრეზენტაცია გაიმართება. რგოლები ტელე და რადიო ეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება. პრეზენტაცია ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის მიზანს წარმოადგენს ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირება. ანტინარკოტიკული კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, ასევე, რგოლებში მონაწილე ექიმები – ნარკოლოგი თათა ასათიანი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, ონკოლოგი კონსტანტინე მარდალეიშვილი, რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე, სექსოლოგი ანდრო კანდელაკი და ექსპერტი-ნარკოლოგი გელა ლეჟავა დაესწრებიან.