შშმ ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია – კონცერტი გაიმართება
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნაბიჯი ზუგდიდის” ორგანიზებით 14 მარტს შშმ ბავშვებისთვის აქცია-კონცერტი გაიმართება, სადაც მოეწყობა ცნობილი ადამიანების, საზოგადო მოღვაწეების პირადი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საღამოს გაუძღვებიან: სალომე გოგიაშვილი და კახა კუხიანიძე.
მუსიკალურად გააფორმებენ ცნობილი მომღერლები: ,,თეატრალური კვარტეტი” ,ელენე ფოჩხუა, გიორგი სუხიტაშვილი.
აქცია- კონცერტი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნაბიჯი ზუგდიდი” 2015 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია ქალაქ ზუგდიდსა და მის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის და მოზარდებისთვის, საჭიროებებზე ორიენტირებული გარემო- პირობების შექმნა.
ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა დღის ცენტრი. მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მემორანდუმის საფუძველზე ორგანიზაციას გადასცა სახელმწიფო ბალანსზე არსებული ფართი, რომელიც აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელ ზედა ეწერში მდებარეობს.
„ნაბიჯი ზუგდიდი“ ასევე ორიენტირებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ შშმ ბავშვებზეც. მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულებას იღებს, მის პოტენციურ ბენეფიციარებს ადაპტირებული ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველყოფა გაუწიოს. ამ დროისთვის დღის ცენტრისთვის გამოყოფილი შენობა გარემონტების პროცესშია, რის გამოც ცენტრის ფუნქციონირება შეფერხებულია. 14 მარტს აქცია-კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება. დასწრება თავისუფალია! გავერთიანდეთ კეთილი საქმის ირგვლივ და შევუქმნათ განსაკუთრებული საჭიროების პირებს ახალი ცხოვრება! მხარდამჭერები: რადიო „ათინათი“ ; სმო.გე ; რეპორტიორი.გე ;