„არ გვყავს მოსამართლეები, არ გვაქვს დარბაზები… სასამართლო რეფორმა ჩიხში შევიდა“
„სასამართლო რეფორმაზე მილიონები დაიხარჯა, მაგრამ ის მაინც ჩიხში შევიდა. ჩვენ მივიღეთ ის, რომ არა გვყავს მოსამართლეები, არა გვაქვს შენობები, რომც დავნიშნოთ საქალაქო სასამართლოში ახალი მოსამართლეები, მათ არ ექნებათ კაბინეტი, არ ექნებათ დარბაზი, რომ საქმე განიხილონ“,- აღნიშნული განცხადება იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განცხადებით, პრობლემების მიუხედავად, არ არის სათანადო ინფრასტრუქტურა და ბაზა, რომ მყისიერად მოგვარდეს აღნიშნული საკითხები. კახა სოფრომაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს. სოფრომაძის განმარტებით, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა სახის ისეთი კრიტერიუმები გააჩნია, რომლებიც არ ჩამოუვარდება ბევრი წარმატებული ევროპული ქვეყნის მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
იუსტიციის საბჭოს წევრის განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნის ნაწილში უფრო სხვა ტიპის პრობლემაა.
როგორც აღმოჩნდა, საბჭოს არ გააჩნია მოსამართლეების კანდიდატების რესურსი, რომ იმ რაოდენობის მოსამართლეები დანიშნოს, რა რაოდენობაც საჭიროა.
„რა თქმა უნდა, კანონმდებლობა ამ კუთხით დასახვეწია, მაგრამ ჩვენ მეორე პრობლემა გვაქვს, ვინ უნდა აირჩიოთ? დღეს ჩემს მაგიდაზე 47 პოტენციური კანდიდატის სიაა. ეს არის სულ, რისი რესურსიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. საქართველოში დღეს შეიძლება დაინიშნოს 47 ადამიანი მოსამართლედ, ამის მეტი რესურსი არ არსებობს. ამ 47-დანაც ამოსარჩევი არიან ადამიანები. მოსამართლეობას სჭირდება სპეციალური ცოდნა, გამოცდის ჩაბარება, სკოლის დამთავრება, თავისი ცენზი…
დღეს საქართველოში 260 -მდე მოსამართლეა, ევროპული სტანდარტებით მინიმუმ 450-მდე მოსამართლე გვჭირდება. სისტემაზე დასამატებელია 200 მოსამართლე. ამიტომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არჩევანში შეზღუდულია, ჩვენ არ ვამბობთ, რომ იდეალური ადამიანები ინიშნებიან, ჩვენ უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვაქვს. კანონის მიხედვით გვაქვს ვალდებულება, რომ არსებული ვაკანსიის შემთხვევაში მოსამართლე დავნიშნოთ იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებიც გაგვაჩნია. შესაბამისად, ხარისხი შესაძლოა, საუკეთესო ვერ იყოს. გაჭიანურებული საქმეების პირველი მიზეზი არის ის, რომ ქვეყანა მოსამართლეების ნაკლებობას განიცდის. მყისიერად არის მისაღები გადაწყვეტილება, რა ვუყოთ იმ ადამიანებს, ვინც წლებია სასამართლოში საქმეების განხილვას ელის და, მეორე მხრივ, რა ქნას იუსტიციის საბჭომ, საიდან მოიყვანოს მოსამართლეები, როცა ამის რესურსი ფაქტობრივად ქვეყანას არ აქვს“,- განაცხადა კახა სოფრომაძემ.
სოფრომაძის თქმით, პრობლემაა ის, რომ მოსამართლეობამდე დიდი და ეკლიანი გზა აქვს გასავლელი კანდიდატს იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში მივიდეს და კონკურსში მონაწილეობა მიიღოს, როგორც კანდიდატმა. მან უნდა დაამთავროს უნივერსისტეტი, ჩააბაროს მომსართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, უნდა გახდეს სკოლის მსმენელი, იქაც უნდა ჩააბაროს გამოცდები და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მას კანდიდატად წარდგენის უფლება. სოფრომაძის ინიციატივით ეს პროცესი უნდა გამარტივდეს.
„წარმატებული ადამიანები აღარ მოდიან, რადგან რთული გზაა. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ქვეყნის სტრატეგიული პოლიტიკა სასამართლოსთან მიმართებაში უნდა შეიცვალოს. ჩემი აზრით, შეიძლება გამოცდილი იურისტები, ის ადამიანები, ვისაც, ვთქვათ, მოსამართლეობის სურვილი და პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება აქვთ, ან ადვოკატად ან კერძო სექტორში უმუშავიათ და 10-15 – წლიანი გამოცდილება აქვთ, შესაძლებელი უნდა იყოს, რომ სკოლის გარეშეც იქნენ შემოყვანილნი. სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ მოსამართლეთა რესურსი არ გვეყოლება“,- განაცხადა კახა სოფრომაძემ.