ხვალ გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
9 თებერვალს, საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის, გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. მაესტროს დაუვიწყარ მუსიკას იტალიელი პიანისტი ალესანდრო სტელა შეასრულებს, რომელიც წარსდგება კინოსა და თეატრისათვის შექმნილი ნაწარმოებების თემებზე შექმნილი „მინიატურებით ფორტეპიანოსთვის“, ამ საღამოსთვის სპეციალურად მომზადებული ვიდეომასალის თანხლებით.
მაესტრო გია ყანჩელმა ნინო სურგულაძისთვის შექმნა ახალი სიმღერები, რომლებსაც ცნობილი მეცო-სოპრანო და იტალიის დიდი მეგობარი პირველად შეასრულებს. ასევე “ახალი ქართული სიმებიანი კვარტეტის“ შესრულებით დიდი ქართველი კომპოზიტორის კიდევ ერთი შესანიშნავი ნაწარმოები „Chiaroscuro” გაჟღერდება.
გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება 9 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში (თბილისი, გრიბოედოვის ქ.8). კონცერტს თავად გია ყანჩელიც დაესწრება.