ერდოღანმა პუტინს ოკუპანტი უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს „სირიის ოკუპანტი“ უწოდა.
სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ადგილობრივ გაზეთ Hurriyet-თან ინტერვიუში განაცხადა. ერდოღანმა ბაშარ ასადის ძალების მიერ ბოლო დროს განხორციელებული შეტევების კომენტირებისას პუტინს მიმართა და განაცხადა:
„რას აკეთებთ თქვენ სირიაში? თქვენ იქ, ფაქტობრივად, ოკუპანტი ხართ“.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეს განცხადება რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებით ახალი ინციდენტის შემდეგ დაახლოებით ერთ კვირაში გაისმა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული ბომბდამშენი „სუ-34“ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ თურქეთის ლიდერი პუტინთან შეხვედრის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამის საპასუხოდ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებს შორის ახლო მომავალში არანაირი კონტაქტი არ იგეგმება.
Hurriyet-თან ინტერვიუში ერდოღანმა ასევე ამერიკელები,  სირიის ქურთებთან კონტაქტების გამო, გააკრიტიკა. მისი უკმაყოფილება ქლაქ ქობანიში აშშ-ის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ბრეტ მაკგარტის ჩასვლამ გამოიწვია. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, როგორ შეიძლება ის ენდოს ქვეყანას, რომელსაც „ვერ გაურკვევია, ვინ არის მისი პარტნიორი – თურქეთი თუ ქურთი ტერორისტები ქობანიდან?“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები