ქეთევან ჭავჭანიძე: უფალმა შეგვაძლებინოს ვიცხოვროთ ისე, როგორც მოგვიწოდებდა ჩვენი პატრიარქი – რწმენით და სიყვარულით
თბილისის საკრებულოს წევრმა ქეთევან ჭავჭანიძემ საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო უდიდესი მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალებით როგორც ჩვენი დედაეკლესიისათვის, ასევე მთელი ერისთვის ერთი ეპოქა დასრულდა.
„ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე და ამიტომაც სრულიად საქართველო გახდა ჩვენი პატრიარქის ჭირისუფალი. ეს არ იყო ჩვეულებრივი გლოვა, თითოეული ჩვენგანი დაობლდა მისი გარდაცვალებით, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ჩვენს გულებში მადლიერება და დიდი სიყვარული დატოვა“, – განაცხადა ქეთევან ჭავჭანიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ უამრავ ხალხში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო, რომლებიც თვალცრემლიანი გლოვობდნენ პატრიარქს და სწორედ ეს ადამიანები იქნებიან, რომლებიც მომავალში ჩვენი ქვეყნის კეთილგონიერებას და განვითარებას უზრუნველყოფენ.
„მადლობა იმ სიყვარულისთვის და სინათლისთვის, რომელიც ჩვენს გულებში დატოვეთ. უფალმა შეგვაძლებინოს ვიცხოვროთ ისე, როგორც მოგვიწოდებდა ჩვენი პატრიარქი – რწმენით და სიყვარულით“, – აღნიშნა საკრებულოს წევრმა.