კონსტანტინე ზარნაძე: პატრიარქის გარდაცვალება ეროვნულ ტკივილთან ერთად ყველასთვის პირად ტკივილად აღიქმება, რამაც შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, პატრიარქის ღვაწლის შესახებ საკუთარი მოსაზრება საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, გამოთქვა. როგორც მან განაცხადა, ამ დიდმა ტკივილმა გააერთიანა საქართველო.
კონსტანტინე ზარნაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს, რომლებმაც უდიდესი მუსლიმური დღესასწაულების აღნიშვნაზე უარი თქვეს.
„ჩვენ დაგვტოვა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მე ვფიქრობ, მისი გარდაცვალება ეროვნულ ტკივილთან ერთად ყველასთვის პირად ტკივილად აღიქმება, რამაც შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება. ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ერი, როდესაც განსაცდელის წინაშე ვდგავართ. განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით გაერთიანება რწმენით, სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით. სწორედ ამ ერთობაშია ჩვენი რეალური ძალა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამემამულე მუსლიმებს, რომლებმაც უარი თქვეს ნოვრუზ და რამაზან ბაირამის დღესასწაულების სადღესასწაულო გარემოში აღნიშვნაზე და შემოუერთდნენ საერთო გულისტკივილს, რომელსაც გასული დღეების განმავლობაში მთელი ერი ვატარებდით. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ნამდვილი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა. ასევე მინდა ამ ერთიანობის გამო მადლობა გადავუხადო ყველა სხვა კონფესიის წარმომადგენლებს, რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი ტკივილი და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მრავალფეროვნება ჩვენი ძლიერი მხარეა“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პატრიარქის დანაბარები უნდა შევასრულოთ.
„მე ვფიქრობ, ჩვენი ვალია პატრიარქის დანაბარები, რომელიც მან თავისი სიცოცხლით და ქმედებებით გამოხატა, რომ ვყოფილიყავით ერთიანები, ძლიერები, გვქონოდა ერთმანეთის პატივისცემა, აღვასრულოთ. სწორედ მაშინ იქნება მისი სული ბედნიერი, მისი რეალური საქმე – გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, ამ დიდი ეპოქის დასასრულს ექნება ძალიან დადებითი გავლენა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.