ირაკლი ღარიბაშვილი “ლიბერალ ინტერნაციონალის” პრეზიდენტს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპის პარლამენტის წევრს, “ლიბერალ ინტერნაციონალის” პრეზიდენტს იოჰანეს კორნელის ვან ბაალენს შეხვდა. შეხვედრა ჰააგაში, საქართველოს საელჩოში გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს და კმაყოფილებით აღინიშნა ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილეობით საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხებზე და ამ მიმართულებით “ლიბერალ ინტერნაციონალის” პრეზიდენტის იოჰანეს კორნელის ვან ბაალენის აქტიურ კამპანიაზე. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარს საქართველოს ინტერესების დაცვისთვის.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და უკრაინის კრიზისის საკითხებს.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში შოთა ღვინერია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები