შალვა რამიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შალვა რამიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს. როგორც რამიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ის მუშაობას ერთ-ერთ ტელევიზიაში გააგრძელებს. რამიშვილი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ სიტუაციას არ უკავშირდება და აღნიშნავს, რომ კვლავ გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერად და გულშემატკივრად რჩება.
“ძვირფასო მეგობრებო, უკვე სამ თვეზე მეტია ველაპარაკები ერთ-ერთ ტელევიზიას ამ უკანასკნელის ეთერში შოუს გაკეთების თაობაზედ. თვის ბოლოს ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად გავაფორმებ. მანამდე კი ადმინისტრაციაში ვარ დაკავებული მიმდინარე საქმეების დამთავრებით.
P.S. ეს გადაწყვეტილება არაა დაკავშირებული პოლიტიკურ სიტუაციასთან. უბრალოდ ვუბრუნდები იმ ხელობას, რომელიც ჩინოვნიკობაზე უკეთ გამომდის. ამასთან, ვრჩები პრეზიდენტ მარგველაშვილის მხარდამჭერად და გულშემატკივრად“, – წერს რამიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.