პარლამენტში “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები გადის. აღნიშნულ ცვლილებებში საუბარია მთავრობის საკანონმდებლო პაკეტზე, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღად აფასებენ.
პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 28 წევრით განისაზღვრება, ნაცვლად პლენუმის მიერ რაოდენობის განსაზღვრისა. უქმდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტი.
ცვლილებების მიხედვით, ახლებურად ყალიბდება სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეთა თანამდებობაზე გამწესების საკითხი. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად, მათ შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეები აირჩევენ.
პროექტით საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
კანონპროექტი მოსამართლეთა მივლინების საკითხებსაც აწესრიგებს. გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა. სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის გარდა, ცვლილებებს კიდევ სხვა ათ კანონში იწვევს.
“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში მომზადებულ ცვლილებებს პარლამენტს დღეს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე წარუდგენს.