აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება – ფოტოკოლაჟი
აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ლითანიშვილმა დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, გზის საყრდენი კედლებისა და გვერდულების, წყალგამტარი მილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. ამ დროისთვის,უკვე დასრულებულია ასფალტის საფარის დაგება და მიმდინარეობს კიუვეტებისა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული გზა ერთმანეთთან 5 სოფელს აკავშირებს და ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთის პირობით ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიდის. აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზას 40 წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია და აქ ოდესღაც არსებული ასფალტის საფარისაგან თითქმის არაფერი იყო დარჩენილი. მოსახლეობა ამორტიზებული გზის ნაცვლად, მინდვრების გავლით გადაადგილდებოდა.
პროექტის ღირებულება 5 მილიონ 194 ათასი ლარია და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოებე 90 ადამიანია დასაქმებული.